ანუ რას ნიშნავს მიწა?
ნამახვანი და ბიჭვინთა
ამ მოვლენის თითქმის პარალელურად, აფხაზეთში აქტიურ ფაზაში შედიოდა ზღვისპირა კურორტ ბიჭვინთასთან მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საწინააღმდეგო პროტესტი, რომელსაც ჰარა პიცუნდა (ჩვენი ბიჭვინთა) ჩაუდგა სათავეში. რუსეთის ფედერაციისთვის 49 წლით ბიჭვინთის კურორტის საუკეთესო ნაწილის გადაცემის პერსპექტივა აფხაზებს აშინებთ, როგორც მათივე თქმით, სუვერენულობის საკითხის ნაწილი - ხოლო მიწა (და სხვა ბუნებრივი რესურსები) ამ სუვერენულობის მთავარი გარანტია, რაც როგორც მათი „ცხოვრებისა და საქმიანობის საფუძველი“ კონსტიტუციაში ასახეს.[i]
აფხაზურმა პარლამენტმა ღამის სესიაზე რატიფიცირება გაუკეთა რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ შეთანხმებას 300 ჰექტარი მიწისა და ზღვის მიმდებარე წყლების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. მოძრაობა ჰარა პიცუნდა და აფხაზური საზოგადოების ნაწილი აგრძელებს პროტესტს მშვიდობიანი ფორმებით, მაგრამ ბჟანიას და არძინბას ტანდემი აფხაზების წინააღმდეგობის გაფანტვას ახალახალი ინიციატივებით ახერხებს - რიგშია ე.წ. კანონი აპარტამენტების შესახებ, ახლახანს ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასთან აფხაზეთის პოლიციური ძალების თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები აფხაზეთის პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობას მიიღებენ, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, ენერგოობიექტების პრივატიზაციის ინიციატივები და სხვ.
საქართველოსთვის აფხაზეთის ომი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავი ომი იყო, ხოლო აფხაზებისთვის - სამამულო ომი. მიწის, მიწაზე უფლების, ტერიტორიის კონტროლის და ა.შ. საკითხები ამ კონფლიქტისთვის ცენტრალური იყო და ომიდან 30 წლის თავზე, კონფლიქტის ორივე ძირითადი მხარისთვის კვლავ აქტუალური ხდება მიწის დაცვა, მაგრამ ამჯერად არა ერთმანეთისგან, არამედ მისი გასაქონლებისგან. ნამახვანის შემთხვევაში საქმე გვაქვს ხეობის და ტყის უზარმაზარი ფართობის გასხვისების, ხოლო აფხაზების შემთხვევაში ლანდშაფტის გასხვისების და მასთან ერთად „სუვერენულობის“ გაფლანგვის საწინააღმდეგო პროტესტთან. ქართულ აფხაზურ კონფლიქტს აქვს თავისი პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული და სხვა განზომილებები, მაგრამ ამ კონფლიქტისთვის პოლიტეკონომიური განზომილების მოძებნა ალბათ, არც მომხდარა. ჩემი მოკრძალებული მცდელობა სწორედ ამას უტრიალებს - დავინახო მიწა, არა როგორც უბრალოდ სიმბოლური აღმნიშვნელი, არამედ როგორც რეალური ეკონომიკური ან პოლიტეკონომიური აქტორი, რომელიც არა მხოლოდ წარსულის უფრო ფართოდ გაზრებისთვის მოგვცემს უკეთეს პირობებს, არამედ სხვაგვარი მომავლის წარმოსადგენადაც.
რას ნიშნავს მიწა
მარქსისთვის მიწა „ყოველგვარი წარმოებისა და არსებობის მთავარი წყაროა“ – იმავდროულად მარქსი და ენგელსი განასხვავებდნენ „ბუნებრივ კაპიტალს“, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მიწასთანაა კავშირში, „მოძრავი კაპიტალისგან“, რომელიც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, ბანკებთან, ფულთან და სხვ. [iii]
„ბუნებრივი კაპიტალის“ ცნება დაკავშირებულია ეკონომიკის სახმარ-ღირებულებით სტრუქტურასთან და არსებითად, მიწასთან, განსხვავებით კაპიტალისგან, როგორც საცვლელი ღირებულებისგან, ან ფინანსებისგან. ბელამი-ფოსტერის თქმით, თუ კაპიტალი თავდაპირველად განიხილებოდა ფიზიკურ ტერმინებში, კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად, ის თანდათან სულ უფრო გაიზომებოდა საცვლელი ღირებულების ფორმით.
მარქსთანვე მოგვიანებით გაჩნდა ტერმინები მიწა-მატერია და მიწა-კაპიტალი - მიწა, სანამ მისი, როგორც წარმოების საშუალების გამოყენება არ ხდება, კაპიტალს არ წარმოადგენს. წარმოების საშუალებად მისი ქცევის შემდეგ, მიწა-მატერია უცვლელი რჩება, მაგრამ მიწა-კაპიტალი იმატებს, ანუ არ იცვლება მისი მოცულობა, მაგრამ იცვლება ის, როგორც კაპიტალი. მიწა, როგორც მატერია არ იცვლება, მაგრამ მიწა როგორც კაპიტალი მოგების, სიამოვნების, ან პოლიტიკური კონტროლის მომტანი ხდება. სხვანაირად თუ ვიტყვით, მიწა, როგორც მუდმივი მატერია, განსხვავდება, მიწისგან, რომელიც კაპიტალად იქცევა, მაგრამ არსებითად ეს ერთიდაიგივე მიწაა, ორი განზომილების ერთდროულად მატარებელი, რომლის მატერიალურობაში ასევე ჩაწნულია მისი, როგორც კაპიტალის პოტენციალი. და ამ პოტენციალის განხორციელებისას - (რომელიც მარქსთან უმეტესად მიწის რენტის გავლით ხორციელდება) - „მიწა, უბრალო მატერიიდან მიწა-კაპიტალად იქცევა“ - კაპიტალიზმი მიწას კაპიტალად აქცევს.[iv]
კოლონიალური პოლიტიკისთვის მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, ისე აგრარული და რესურსული თვალსაზრისით. მარქსის თქმით, „კოლონიური საკითხი არა მხოლოდ ნაციონალური საკითხია, არამედ მიწის და არსებობის საკითხიც“. უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, მიწა, რამდენადაც ის სოციალური საკითხია, როგორც არსებობის საკითხი - ანუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ადამიანების დიდი ნაწილისთვის, სწორედ ამის გავლით ის ეროვნული საკითხიცაა. აფხაზებმა მიწა ასეთად მალევე მონიშნეს, როცა კონსტიტუციაში ჩაწერეს, როგორც მათი პოლიტიკური სუვერენულობის გარანტი. სწორედ ამიტომ, მიწაზე იერიშის მიტანას აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად განიცდის და ცუდი წინათგრძნობა აქვს. შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთის ფედერაცია კერკეტი აფხაზების საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის ემზადება. ამას უნდა მოწმობდეს ერთდროულად მიტანილი იერიში მიწაზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უძრავ ქონებაზე, სამხედრო თანამშრომლობის პროექტები და სხვ.[v]
ოჩამჩირის პორტის აშენების კვალდაკვალ, რუსეთს აფხაზეთში საკუთარი სახელმწიფო სამოხელეო ბურჟუაზიისთვის ბიჭვინთის მიწის საუკეთესო ნაჭერი უნდა, როგორც რეგიონში საბოლოო დამკვიდრების დასტური. რაც შეუძლებელია ე.წ. „საკურორტო კოლონიზაციის“ პროექტსაც არ გულისხმობდეს.
მაგ. მე-19-ე საუკუნეში აფხაზეთის „საკურორტო კოლონიზაციის“ გეგმაზე საუბრობს აფხაზი ისტორიკოსი ძიძარია, როცა 1872 წელს სპეციალურმა კომისიამ მიწის დანაწევრება და მისი ჩინოვკიკებისა და ოფიცრებისთვის გადაცემა გადაწყვიტა. ხოლო უკვე მე-19-ე საუკუნის 90-ან წლებში ეს პროცესი აფხაზეთის „კავკასიის რივიერად“ ქცევის პროექტში დაკონვერტირდა. 1877 წლის აჯანყების გამო კი გუდაუთის, გუმისთის და კოდორის უბნების აფხაზი მოსახლეობა „დამნაშავეებად“ გამოცხადდა, რის შემდეგაც მათ ჩამოერთვათ მიწები და აეკრძალათ სოხუმიდან 20 ვერსზე და ასევე სანაპირო ზოლში დასახლება.[vii]
მიწის, უძრავი ქონების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პრივატიზების იდეის ნაწილობრივ დაძალებით, ნაწილობრივ მომწიფებით და საერთო ჯამში მისი გარდაუვალობის დამკვიდრებით, რუსეთი აფხაზების გატეხვას ცდილობს. გატეხვა აფხაზების სრულმასშტაბიან პერიფერიულ კაპიტალისტურ ურთიერთობაში ჩაბმის გავლით უნდა მოხდეს. და რახან ამ ურთიერთობაში მიწას ცენტრალური ადგილი უჭირავს, რომელიც იმავდროულად აფხაზების კოლექტიური პოლიტიკური მომავლის ჰორიზონტის გარანტიცაა, მათი წინააღმდეგობა სტიქიურად ანტიკაპიტალისტურ ხასიათს ატარებს.
აფხაზეთი ახლა ნახევრად დოტაციური საზოგადოებაა (ბიუჯეტის 50% რუსეთის ფედერაციიდან ივსება) და რუსეთი ახლა უკვე მიწის, უძრავი ქონების და სხვ. გასაქონლების გზით აფხაზეთის საკუთარი კაპიტალებისთვის მოგების და სიამოვნების წყაროდ გადაქცევას ცდილობს. აფხაზებისთვის კი, ყველაფერი რაც მათ ტერიტორიაზეა, თან მათი გამარჯვების მუზეუმიც არის, ამიტომ მათი სუვერენულობის იდეა, განფენილია ლანდშაფტზეც. ანტიიმპერიალისტური, ანტიკოლონიური და კლასობრივი ბრძოლის სტიქიური განწყობები, ლოგიკურად, აქ იყრის თავს.
ენგურს აქეთ, სადაც ეს პროცესები დროის უმოკლეს მონაკვეთში განვითარდა და რომელსაც ბენდუქიძე ხელმძღვანელობდა, მიწა და ბუნებრივი რესურსები ასევე აქტუალური ხდება, ოღონდ განსხვავებული ქრონოლოგიით: ის, რომ ახლა ჩვენ მიწის, ხეობის, ტყის თუ კანიონის დაცვა გვიწევს პრივატიზებისგან, აქ განხორციელებული პოსტ-სოციალისტური კაპიტალისტური პროექტის გარდაუვალი, ლოგიკური ფაზაა, რომელიც ენერგეტიკული, სამედიცინო, ინდუსტრიული და სხვა სიმდიდრის პრივატიზების შემდეგ, გარდაუვლად მიადგა ბუნებას, მისი გასაქონლების მიზნით. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბუნების გასაქონლება ჩვენთან განხორციელებული კაპიტალისტური პროექტის ლოგიკური ფაზაა, ხოლო აფხაზებისთვის ეს მომენტი ახლა დგება, ოღონდ სხვა თანმიმდევრობით - თუ ბუნებრივი და სხვა რესურსების რუსეთზე გაყიდვის პროცესი ჩვენთან მაინც ტოვებდა პოლიტიკური დამოუკიდებლობის იმიტირების საშუალებას, დასავლური ორიენტაციის სასარგებლოდ, აფხაზებისთვის ასეთი პრივატიზაციის პროცესის ჩაშვება ნებისმიერი სამომავლო პოლიტიკური პროექტის დასამარებასაც ნიშნავს.
გარდა ამისა: ჩვენთან ბუნების გასაქონლების პროცესის წინააღმდეგ ბრძოლაში ხალხის აქამდე მდუმარე დიდი ნაწილი საკუთარ პოლიტიკურ სუბიექტურობასაც ძერწავს. ამის საპირისპიროდ კი აფხაზეთში, უკვე ტრადიციულად აქტიური სახალხო დემოკრატია ჯერჯერობით უძლური ჩანს ამ პროცესის წინაშე.
მაგრამ ჩვენსა და აფხაზებს შორის მთავარი განსხვავება მაინც ის არის, რომ ჩვენთან ბუნების გასაქონლების ტენდენციასთან ბრძოლის პროცესში მარცხი ტრაგიკული შეიძლება არ იყოს - ჩვენ უკვე ვცხოვრობთ გაყიდული ტბების, ტყეების და ტროტუარების პირობებში. აფხაზების შემთხვევაში კი შესაძლოა, ამას პოლიტიკურად ტრაგიკული შედეგი ჰქონდეს.
პრივატიზაციის აჩრდილი
აფხაზი ისტორიკოსების ნაწილი ისტორიული ანალოგიების მოხმობით ამბობს, რომ აფხაზების პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეზღუდვა ეკონომიკური შეზღუდვით დაიწყო:აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ნესტორ ლაკობა, რომელიც ამბობდა, რომ აფხაზეთში კულაკების კლასი არ არსებობდა, ამავე ლოგიკით ეწინააღმდეგებოდა კოლექტივიზაციას, რის გამოც სტალინის რისხვა დაიმსახურა. სტალინის მხრიდან ზეწოლა იზრდებოდა და ამის მიზეზი კოლექტივიზაციის დაჟინებული მოთხოვნა იყო. სტალინმა ლაკობა არჩევანის წინაშე დააყენა: ან კოლექტივიზაციას გაატარებდა, ან საქართველოს შემადგენლობაში შევიდოდა. ლაკობამ მეორე აირჩია. აფხაზი ისტორიკოსების თქმით, აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის დაქვეითების პროცესში პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლის გარდა, გადამწყვეტი აღმოჩნდა ეკონომიკური ზეწოლა, რამაც მთავარი როლი ითამაშა აფხაზეთის სსრ-ს საქართველოს სსრ-ში ინკორპორაციისთვის .[viii]
თავად ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის ეკონომიკური დაძაბულობა უცხო არ ყოფილა არც სსრკ-მდე და არც სსრკს დროს.
დერლუგიანის მტკიცებით, სსრკ-ს უაღრესად მომგებიანი ჩრდილოვანი ბაზარი, რომელიც კურორტებისა და ციტრუსების პლანტაციების მონოპოლიაზე იდგა, ქართულ-აფხაზური ეკონომიკური დაძაბულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. სწორედ ამ წყაროებზე კონტროლი განსაზღვრავდა ქართულ-აფხაზური მეტოქეობის თითქმის ყველა დონეს. ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურებისა და ეკონომიკის აღრევა, დერლუგიანის აზრით, ბადებდა კონფლიქტის მიზეზებს, რომლებიც არსებითად, ეკონომიკური ხასიათის იყო, თუმცა ნაციონალისტურ შეფერილობას იღებდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის პერსპექტივის მოახლოებასთან და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პერსპექტივაც ახლოვდებოდა, რომელშიც საქართველოს ფარგლებში დარჩენილი აფხაზების ეკონომიკური გავლენა გარდაუვლად შესუსტდებოდა - პირველ რიგში კურორტებისა და პლანტაციების კონტროლი და მათგან მიღებული შემოსავალი. ეს კონფლიქტის დაჩქარების მნიშვნელოვან მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ეს საკითხი სამომავლო ეკონომიკურ, ისტორიულ და ანთროპოლოგიურ დამუშავებას მოითხოვს.
არსებობს ერთი დაუდასტურებელი ისტორია, რომელსაც გიორგი დერლუგიანი საკუთარ საველე ჩანაწერებზე დაყრდნობით ჰყვება: 1989 წელს გასამხედროებული ორგანიზაცია მხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი აფხაზეთში, კერძოდ, კურორტ გაგრასთან მდებარე ქართულ სოფლებში ჩადის. იოსელიანი ქართულ მოსახლეობასთან პოსტ-სოციალისტური რეფორმების ფარგლებში გაგრის მიწისა და კურორტების პრივატიზაციას აანონსებს. ხოლო ქართველები, რომლებიც მხედრიონში გაწევრიანდებიან, პრივატიზაციის პროცესში პრივილეგიებს მიიღებენ. ამ ქართული სოფლებიდან საგრძნობლად შეივსო მხედრიონის რიგები. ორი წლის შემდეგ, იგივე სოფლები მიწასთნ გაასწორა აფხაზურ-ჩეჩნურმა ჯგუფმა, რომელსაც შამილ ბასაევი ხელმძღვანელობდა .[ix]
პრივატიზაციის აჩრდილი აფხაზებისთვის შიშის მომგვრელია: რუსებმა, ეკონომიკური ბერკეტების ჩაგდებით - მიწის, რესურსების და უძრავი ქონების - შეიძლება ქართველებთან დაახლოება გვაიძულონ, ან საერთოდ ქართველებზე გადაგვყიდონ.
ხანგრძლივი ლიმინალობა
გენეპის ამ იდეებს მოგვიანებით აიტაცებს ვიქტორ ტერნერი. ტერნერის თქმით, ლიმინალობის ფაზაში ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი იმყოფება არც იქ და არც აქ, არამედ კონვენციურად და ცერემონიულად დადგენილ პოზიციებს შორის. ანუ იმყოფება გაუცხოვებისა და გაურკვევლობის პოზიციაში.
ანთროპოლოგ რებეკა ბრაიანტის თქმით, დეფაქტო სახელმწიფოები შეიძლება აღვწეროთ, როგორც განგრძობითად ლიმინალურები, გაჭედილები იმ პოლიტიკურ ფორმას, რომელსაც ისინი ოდესღაც წარმოადგენდნენ და აღიარებულ პოლიტიკას შორის, რომლად გახდომაც მათ სურთ. ასეთი სახელმწიფოები, მეტაფორულად რომ ვთქვათ, დგანან საერთაშორისო არენის შესასვლელთან, მაგრამ ვერ აბიჯებენ ზღურბლს, რომელიც მათ ნამდვილად სუვერენულ სახელმწიფოებად გახდიდა. ამ კარის ზღურბლთან ხანგრძლივი დგომა არის ის, რასაც ბრაიანტი ხანგრძლივ ლიმინალობას უწოდებს . [x]
დეფაქტო სახელმწიფოებს ლეგიტიმურობის კრიზისზე მეტად ლიმინალობის კრიზისი აწუხებთ, ამბობს ბრაიანტი, რაც არასტაბილური, პრეკარული მდგომარეობაა.
თურქი კვიპროსელების მსგავსად, არც აფხაზებმა იციან, რა იქნება დიდხნიანი ლოდინის შემდეგ. მაგრამ მათი ლიმინალობიდან გასვლის პროექტი ახლა რუსეთს აქვს - ამ ლიმინალობიდან გასვლის პროექტი აფხაზებისთვის მომხიბვლელად არ უნდა გამოიყურებოდეს - ეს გასვლა, ან სინთეზი, რეაგრეგაცია, მოცემული ვითარებით, რუსეთის სასარგებლოდ წყდება. ლიმინალობიდან ასეთი გამოსვლა აფხაზებისთვის კრასნოდარის მხარედ ქცევას თუ არა (რაზეც მიანიშნებს მაგ. ახრა ბჟანია), ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების მდგომარეობასთან მიახლოების წინაპირობა შეიძლება გახდეს. აფხაზებს შეიძლება შეუნარჩუნდეთ დეკორატიული პოლიტიკური თავისუფლება, მაგრამ ლიმინალობიდან გასვლის ამ ვერსიით, მათი რეალური დამოუკიდებლობის ან საერთაშორისო არენაზე ინტეგრირების სასარგებლოდ არ გადაწყდება. [xi]
ბიჭვინთის ფიჭვი
რას ამბობს ენგურს გაღმა და გამოღმა მიწის საკითხის ისევ აქტუალიზება? ენგურს გამოღმა ეს პროცესი სახალხო დემოკრატიის გაძლიერების შანსს იძლევა, ქმნის კიდევაც ამის პრეცედენტებს და, შესაძლოა, რეალური დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორც საერთო კლასობრივი ბრძოლის ნაწილმა. ენგურს გაღმა კი, ეს პროცესი განსხვავებული ტრაექტორიით მოძრაობს - მის წარმატება/წარუმატებლობაზე აფხაზების პოლიტიკური მომავალი შეიძლება იყოს დამოკიდებული. ასეთ გარდამტეხ მომენტში, საქართველოს ხელისუფლება აფხაზებისთვის სავარაუდოდ, ისე გამოიყურება, როგორც მათივე - მიწის და ბუნების გამყიდველ ხელისუფლებად. რომელსაც აფხაზებისთვის მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ „აფხაზეთი გახდება მეორე მონაკო“, ხოლო „სოხუმი - მეორე მონტე კარლო“ . ბურჟუაზიას, როცა „ეკონომიკური ურთიერთობების“ გაღრმავებაზე საუბრობს, მხედველობაში თავისიანები ჰყავს - მისივე კლასის მდიდარი ხალხი, რომლებიც წყვილად, საზეიმოდ გაჭრიან სასტუმროებისა და რესტორნების ლენტებს, ექსკლუზიურად ისარგებლებენ ბუნებრივი რესურსებით და ლანდშაფტით, ვისთვისაც შემოღობვა და ძარცვა მოგების მთავარი წყაროა.[xii]სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც მთელ პოლიტიკურ კლასს, აფხაზებისთვის „საკურორტო კოლონიზაციაზე“ უკეთესი შესათავაზებელი არაფერი აქვს. მაგრამ ენგურს იქით და აქეთ არსებობს სახალხო წინააღმდეგობების გამოცდილება და ზუსტად იმან, თუ რას ვიცავთ ახლა და ვისგან, ერთმანეთის უკეთესად გაცნობის სურვილი უნდა გაგვიჩინოს. ქართველების მთავარი ამოცანა იმის აღიარება უნდა იყოს, რომ აფხაზები არსებობენ რუსეთის მიუხედავადაც, არსებობენ როგორც სუბიექტი საკუთარი მისწრაფებებით, კულტურული ტრადიციით და ყოველდღიურობით. აფხაზებს კი, იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ მიწას მხოლოდ ქართველებისგან არ იცავდნენ.
და მაშინ დაიბადება ან განახლდება რაღაც, ბიჭვინთის ფიჭვივით მარად ახალი, ალექსანდრ ანქვაბის ლექსიდან, რომელიც თითქოს გუშინ დაიბადა, თუმცა მის ზურგსუკან ასწლეულებია .[xiii]
Endnotes
[i] Constitution of Abkhazia. Source: https://apsnypress.info/ru/home/dokumenty/item/239-konstitutsiya-respubliki-abkhaziya © APSNYPRESS
[ii] “How Imperialism Starves the Global South: An Interview with Utsa Patnaik.” New Socialist, https://www.newsocialist.org.uk/utsa-patnaik-interview/. Accessed 4 Apr. 2024.
[iii] Global, John Bellamy Foster Nature as a Mode of Accumulation: Capitalism and the Financialization of the Earth Monthly Review, 1 Mar. 2022, https://monthlyreview.org/2022/03/01/nature-as-a-mode-of-accumulation-capitalism-and-the-financialization-of-the-earth/.
[iv] ibid
[v] Speech by Karl Marx 1867. https://www.marxists.org/archive/marx/iwma/documents/1867/irish-speech.htm. Accessed 4 Apr. 2024.
[vi] G. A. Dzidzaria The Period of Exile and Problems of History [in Russian] Sukhumi: Alashara, 1990, pp 442-3
[vii] S. Lakoba Sketches of Abkhazia’s Political History [in Russian], Sukhumi: Alashara, 1990. p. 35.
[viii] A. S. Gabelaia The Economic Factor in the Process of Diminishing the Abkhaz SSR’s Political Status (1921–1931) [in Russian]
[ix] Derluguian, Georgi. Abkhazia: A Historical Theory of Conflict https://www.academia.edu/6471942/Abkhazia_a_historical_theory_of_conflict. Accessed 4 Apr. 2024.
[x] Bryant, Rebecca. 2014. Living with Liminality: De Facto States on the Threshold of the Global. The Brown Journal of World Affairs, 20: pp 125-43
[xi] Elena Zavodskaia, 2023. Akhra Bzhania ‘Whose Task is the Minister of Foreign Affairs Carrying out?’ [in Russian] Ekhokavkaza.com, https://www.ekhokavkaza.com/a/32593227.html [last accessed: 29/03/2024]
[xii] ‘Abkhazia may become Monaco, we may get a $10 billion investment’ [in Georgian] https://netgazeti.ge/news/648382/. Accessed 4 Apr. 2024
[xiii] ‘Aleksandr Ankvab’s poem ‘The Pine Tree of Bichvinta’ was read at a poetry evening’ Echo of the Caucasus, 20 Sep. 2022 [In Russian] https://www.ekhokavkaza.com/a/32043232.html.