„რამდენიც არ უნდა ეშიმშილა, და ამას კიდეც აკეთებდა, მაინც ვეღარაფერი ეშველებოდა - მის მიღმა ისე ადი-ჩადიოდნენ, რომ ვერც კი ამჩნევდნენ. მიდი და სცადე ვინმესთვის შიმშილის ხელოვნების ახსნა! ვინც ამას თავად არ განიცდის, ვერასოდეს გააგებინებ.“ - ამბობს კაფკა თავის 1922 წელს დაწერილ მოთხრობაში „შიმშილის ხელოვნება“. ხელოვანებისა და სახელოვნებო დაწესებულების ეგზისტენციალურ პრობლემებზე დაწერილი ეს ალეგორია დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ასი წლის წინ.
გლობალურმა პანდემიამ, ომებმა, ენერგეტიკულმა კრიზისმა, ინფლაციამ და საყოველთაო გაურკვევლობამ მსოფლიოში საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა, თუმცა ეს მეტად მტკივნეულად შეეხო ხელოვანებს, რომლეთა დამოუკიდებლობის საზღაურიც ყოველთვის ეკონომიური რისკებია, ახლა კი მათი ყოფა კიდევ უფრო მრავალმხრივ შეირყა. ეს კიდევ უფრო მძაფრად განიცადეს ხელოვანებმა ისეთი ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ხელშეწყობა არ არსებობს ან პრობლემატურია.
თუ შიმშილის ხელოვნების ფენომენი ხელოვნების ყველა დარგში არსებობს, სახვით ხელოვნებას მისი წარმოჩენა ყველაზე კარგად ძალუძს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი ბუმბერაზი მხატვრებიც, როგორც რემბრანტი, ვერმეერი, ვან გოგი, გოგენი, ტულუზ-ლოტრეკი და ფიროსმანი გაღატაკებულები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ მოდერნის დროიდან ხელოვნებაში შემოვიდა „გაჭირვეული“ თუ სადა მასალები, როგორცაა გამოფიტული ხე, ჟანგიანი რკინა და სხვა იაფიანი მასალები. ასე რომ ნამუშევრის იდეა ხშირად თავად ამ საჩოთირო ობიექტში იყო განსახიერებული.
გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბრაზილიიდან, ყაზახეთიდან და გერმანიიდან.
კურატორი: ალფონს ჰუგი
ხელოვანები:
მარკ ბრანდენბურგი / გერმანია
ნინო ქვრივიშვილი/ საქართველო
მაქსიმ მალჰადო/ ბრაზილია
ლეილი ალაკბაროვა/ აზერბაიჯანი
თომას რენტმაისტერი/ გერმანია
საბინა შიხლინსკაია / აზერბაიჯანი
საულე სულეიმანოვა/ ყაზახეთი
დასწრება თავისუფალია!
გამოფენის გახსნა: 25 აპრილი, 19 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 25.04. - 5.06.2024
ადგილი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, მ. ზანდუკელის ქ. 16