გერმანიაში სწავლა ხომ არ გადაგიწყვეტია უკვე? არ იცი, რით უნდა დაიწყო? შეგიძლია სააგენტოში მიხვიდე, ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიო, საიტები დაძებნო, თუმცა ბევრად უკეთესი არ იქნებოდა სხვა სტუდენტების გამოცდილების გაზიარება? ყაზახეთის გოეთეს ინსტიტუტი გიწვევს "განათლების პინგ-პონგში" მონაწილეობის მისაღებად! აქ შეძლებ ჩვენს სპიკერებს დაუსვა შენი შეკითხვები.
მიიღე ინფორმაცია პირველწყაროსგან: 11.11.2023 ონლაინ ზუმში, 15:00 საათზე!
იცოდე, არ არსებობს სულელური შეკითხვები! არ გამოტოვო ეს შანსი და შეიტყვე მეტი გერმანიაში სწავლის შესახებ!
პროექტს აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბართლომე იარაჯული
საიდა რუსტამბეკოვა
ოტახონ რუსამბეკოვი
აინურა ნუპტიბაიევა
ელიზავეტა შპერი
ნილუფარხონ პულოტოვა
დაიწყე გერმანული ენის შესწავლით. უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით რომ შეძლო სწავლა, როგორც წესი, ენას უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების შესაბამისად C1 დონეზე უნდა ფლობდე. C1დონით შეძლებ ლექციების მოსმენას, პროექტებზე მუშაობას და გამოცდების წერას.
სპეციალობების და ჩაბარების პირობებისდა მიხედვით, სხვადასხვა უნივერსიტეტი სხვადასხვა ენის სერტიფიკატს ითხოვს. ამიტომაც წარსადგენი ენის სერტიფიკატის შესახებ ყველაზე სარწმუნო ინფორმაციას თავად უნივერსიტეტისგან მიიღებ. აქ შეგიძლია ნახო, ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი რა სახის სერტიფიკატები არსებობს: https://www.kmk.org/themen/deutsches-sprachdiplom-dsd/deutsche-sprachkenntnisse-fuer-den-hochschulzugang.html ; https://www.daad.de/de/studieren-und-forschen-in-deutschland/studium-planen/die-deutsche-sprache/
პროფესიული განათლების მისაღებად ან უმაღლესი სასწავლებლისთვის მოსამზადებელ კოლეჯში მოსახვედრად, ჩვეულებრივ, საჭიროა გერმანული ენის B2 დონეზე ფლობა. გოეთეს ინსტიტუტის პროგრამაში - „Studienbrücke“ („სტუდენტური ხიდი“) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც საშუალებას მოგცემს, სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარო გერმანულ უნივერსიტეტში, აგრეთვე B2 დონე მოითხოვება. პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანა მე-11 კლასში გადასვლისთანავე შეგიძლია.
სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და სხვადასხვა სპეციალობაზე განაცხადის შეტანის ვადები განსხვავებულია. უნივერსიტეტის შერჩევა მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა დაიწყო და საბუთების ჩამონათვალს და მიღების პირობებს გაეცნო. გერმანულ უნივერსიტეტში სწავლა იწყება ან ზამთრის სემესტრიდან (15 ოქტომბერს) ან ზაფხულის სემესტრიდან (15 მარტი). ზამთრის სემესტრისთვის განაცხადის შეტანა ხდება 15/06-დან 15/07-მდე, ხოლო ზაფხულის სემესტრისთვის - 15/01-დან 15/02-მდე. შეგიძლია დარეგისტრირდე უნივერსიტეტის პორტალზე და ყველა საჭირო საბუთი ჩამოტვირთო. დასაწყისისთვის მიმართე: https://anabin.kmk.org/anabin.html
ეს მონაცემთა ბაზა შეაფასებს სამშობლოში მიღებულ შენს ცოდნას (სერტიფიკატებს ან დიპლომებს) და მას გერმანიის განათლების სისტემას მიუსადაგებს. აქ შეიტყობ, გაქვს თუ არა პირდაპირ პირველ კურსზე ჩარიცხვის უფლება, თუ ჯერ კოლეჯში მომზადება გჭირდება ან, ალტერნატივის სახით, კონკრეტულ სპეციალობაში ორი სემესტრის გავლა შენსავე სამშობლოში.
აქვე გაიგებ, აქვს თუ არა შენ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტს საკუთარი მოსამზადებელი კოლეჯი, თუ ნებისმიერ სხვა კოლეჯში შეგიძლია განაცხადის შეტანა:
https://studienkollegs.de/
გარდა ამის, მნიშვნელოვანია იცოდე, პირდაპირ მოსამზადებელ კოლეჯში უნდა შეიტანო განაცხადი, თუ ეს უნივერსიტეტის გავლით ხდება. ამაზე შეიძლება განაცხადის შეტანის ვადები იყოს დამოკიდებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობისთვის გერმანიის ბევრი უნივერსიტეტი uni-assist https://www.uni-assist.de/-ს იყენებს. ეს ორგანიზაცია ამოწმებს და ამუშავებს საერთაშორისო სტუდენტების საბუთებს და თუ ისინი წესრიგშია, შესაფასებლად უნივერსიტეტს უგზავნის. აღნიშნულის გათვალისწინებით, შენი საბუთები uni-assist -ში 15.07. ან 15.02.-მდე გაცილებით ადრე უნდა შეიტანო.
უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები ძალზე ინდივიდუალურია. თავდაპირველად უნდა შეამოწმო, რამდენად შეძლებ ამა თუ იმ უნივერსიტეტსა თუ სპეციალიზებულ უმაღლეს სასწავლებელში სასურველი სპეციალობის დაუფლებას. არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება მონაცემთა ბაზა Hochschulkompass.
https://www.hochschulkompass.de/home.html
აქ შენი საძიებო კრიტერიუმების მიხედვით შეძლებ შეადგინო უნივერსიტეტების ჩამონათვალი მათი საკონტაქტო მონაცემებითა და ვებგვერდებითურთ. ეს ინფორმაცია დაგეხმარება შენთვის შესაფერისი უნივერსიტეტების ამორჩევაში. კარგი იქნება, თუ ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში გააგზავნი განაცხადს და მხოლოდ მოწვევების მიღების შემდეგ გააკეთებ არჩევანს. გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება აგრეთვე სხვა სტუდენტების შეფასებები https://www.studycheck.de/-ზე.
თითქმის ყველა გერმანულ უნივერსიტეტში სტუდენტებს საგნების არჩევაში მეტი თავისუფლება აქვთ. ისინი თავად ადგენენ ინდივიდუალურ სასწავლო განრიგს იმისდა მიხედვით, თუ რომელი კურსი აინტერესებთ და რომელი პროფესორისა და პედაგოგის ლექციების მოსმენა სურთ. სტუდენტებისგან მეტ დამოუკიდებლობას, მოტივაციასა და პასუხისმგებლობას მოელიან. ასე მაგალითად, არ არსებობს ადმინისტრაციული საკითხების მომგვარებელი პირი, რომელიც შეგახსენებს, რომ გამოცდა ახლოვდება და დროულად უნდა დარეგისტრირდე. ყველაფერი თავად უნდა მოაგვარო: შეადგინო სასწავლო განრიგი, დროულად დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო სემინარზე, გამოცდაზე, მოძებნო პრაქტიკის გასავლელი ადგილი და ა.შ. თითქმის ყველა გერმანული უნივერსიტეტი სთავაზობს თავის სტუდენტებს პროგრამებს, რომლებიც მათ სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას გაუწევს. ასეთი პროგრამები გულისხმობს ღონისძიებებსაც, რომლებიც ინტეგრაციას ემსახურება, მაგალითად, ექსკურსიებს უახლოეს ქალაქებში და ა.შ.
გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლა ძირითადად უფასოა, გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი საერთაშორისო სპეციალობა, რომლებზეც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ან შემთხვევები, როდესაც სწავლის დრო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულზე ხანგრძლივია. ზოგიერთ ფედერალურ მხარეში, მაგალითად, ბადენ-ვიურტემბერგში, არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული საერთაშორისო სტუდენტები იხდიან სწავლის საფასურს. მოგიწევს თუ არა სწავლის საფასურის გადახდა, ამას უშუალოდ შენ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში გაარკვევ. აქვე უნდა განვასხვაოთ სწავლის საფასური (Studiengebühren) და სემესტრული შენატანები (Semesterbeiträge), ანუ სტუდენტური შენატანები (Studierendenbeiträgen). ამ უკანასკნელს იხდის ყველა სტუდენტი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდანაა და როგორი აკადემიური მოსწრება აქვს. საშუალოდ ეს თანხა შეადგენს 400 ევროს სემესტრში და იგი მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს და სტუდენტებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სოციალური დახმარების თანხებს.
სტუდენტური ვიზის გასაცემად ცხოვრებისთვის აუცილებელ წლიურ თანხად აღებულია 11,208 ევრო იმ გათვლით, რომ სტუდენტს თვეში 934 ევრო ესაჭიროება სახარჯოდ. ხარჯები იცვლება ქალაქის, საცხოვრებლის და ცხოვრების სტილის მიხედვით. მაგალითად, საცხოვრებელზე საშუალოდ 253-720 ევრო ივარაუდება, სურსათზე - 171-245 ევრო, გადაადგილებისთვის 74-149 ევრო, ტანისამოსზე 30-67 ევრო, ტელეფონსა და ინტერნეტზე 29 ევრო, სასწავლო მასალაზე 20-90 ევრო, ჯანმრთელობის დაზღვევაზე 96-115 ევრო, კულტურასა და სპორტზე 24-91 ევრო და სემესტრულ შენატანზე 400-500 ევრო.
გერმანულ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე სწავლის დასაფინანსებლად სტიპენდიის მიღების არც თუ ბევრი შესაძლებლობა არსებობს. DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს DSD-სკოლადამთავრებულთათვის (სკოლების, რომლებშიც გერმანული ენა ინტენსიურად ისწავლება და მოსწავლეებს ენის დიპლომის აღება შეუძლიათ) გერმანულ უნივერსიტეტში დასწრებული სწავლებისთვის სტიპენდიაზე / გრანტზე. DAAD-დან გერმანიაში მაგისტრატურაზე სწავლის სტიპენდიების მიღებაც შეიძლება. რამდენიმე სემესტრის დახურვის შემდეგ შეგიძლია სტიპენდიაზე განაცხადი ისეთ ფონდში შეიტანო, რომელიც ნიჭიერ სტუდენტებს აფინანსებს. შენი უნივერსიტეტის ან სპეციალობის შესაფერის ფონდებზე ინფორმაციას, როგორც წესი, ფაკულტეტის ადმინისტრაციაში მიიღებ.
გერმანიაში სტუდენტებს უფლება აქვთ სწავლის პერიოდში კვირაში 20 საათი იმუშაონ, ხოლო მეცადინეობისგან თავისუფალ დროს - მეტიც. თვეში 520 ევრომდე შემოსავალი არ იბეგრება და დამატებითი სამედიცინო დაზღვევისგანაც გათავისუფლებულია. უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ წელიწადში 120 სრული ან 240 არასრული დღე იმუშაონ. თუ მეტი ხნით მუშაობას მოისურვებ, დაგჭირდება დასაქმების სააგენტოს და შენი ქალაქის უცხოელთა რეგისტრაციის სამსახურის ნებართვა. თუ ენის კურსებზე ან მოსამზადებელ კოლეჯში დადიხარ, მაშინ მუშაობა შეგიძლია მხოლოდ ნებართვით და მხოლოდ არდადეგებზე.
https://www.study-in-germany.de/de/deutschland/studienalltag/nebenjob/
რეგიონების მიხედვით საცხოვრებლის საკითხი ძალზე განსხვავდება: საქმე ყველაზე რთულად დიდ ქალაქებსა და კლასიკურ საუნივერსიტეტო ქალაქებშია. ამიტომაც, ბინის ძებნას მაშინვე უნდა შეუდგე, როგორც კი უნივერსიტეტს შეარჩევ. პირველ რიგში უნივერსიტეტს უნდა მიმართო: სტუდენტური კავშირი საჭირო ინფორმაციით მოგამარაგებს.
https://www.studierendenwerke.de/deutsches-studentenwerk/studentenwerke/studierendenwerke-a-z/landkarte
ყველაზე ხელსაყრელი გამოსავალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელია. საერთო საცხოვრებელში ოთახის ღირებულება თვეში საშუალოდ 280 ევროს შეადგენს. აქ ცხოვრებას ის უპირატესობაც აქვს, რომ საერთო საცხოვრებლები კამპუსში ან უნივერსიტეტის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, გაწყობილია ავეჯით და ინტერნეტიც ხელმისაწვდომია. მნიშნელოვანია იმის ცოდნა, რომ საერთო საცხოვრებლები არ არის განკუთვნილი მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ხშირად ერთ საერთო საცხოვრებელში ქალაქის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცხოვრობენ. საერთო საცხოვრებელს შეიძლება განაგებდნენ საზოგადოებრივი ფონდები, ეკლესიები ან სხვა ორგანიზაციები.
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის გარდა, ხშირია ე.წ. Wohngemeinschaft (WG- რამდენიმე სტუდენტის მიერ ერთი ბინის დაქირავება). ამგვარ ბინებში ოთახის პოვნა შეგიძლია უნივერსიტეტის სოციალური მედიების, განცხადებების დაფის ან ინტერნეტის დახმარებით. გთავაზობთ რამდენიმე ბმულს:
https://www.wg-gesucht.de/ ; https://www.immobilienscout24.de/wohnen/wg-zimmer.html ; https://www.wohnungsboerse.net/zimmervermietung-wg-gesucht ; https://www.stuwo.de/ .
WG-ში ოთახის მისაღებად ჯერ დანარჩენ ბინადრებთან გასაუბრების გავლა მოგიწევს და შემდეგ ისინი გადაწყვეტენ, დაგითმონ თუ არა ოთახი.
კერძო ბინა ყველაზე ძვირი ვარიანტია. საცხოვრებლის ძიებისას შეგიძლია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებას მიმართო.
გერმანიაში პროფესიული განათლების მიღება ნებისმიერს შეუძლია. თუმცა არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის დამატებითი მოთხოვნები არსებობს, მაგალითად, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის თარგმნა და დამოწმება, ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე და ვიზის მიღება. არსებობს ოფიციალური სამსახურები, რომლებსაც შეგიძლია მიმართო ხსენებული მოთხოვნების შესასრულებლად. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარებისთვის საჭიროა განაცხადის შეტანა იმ ფედერალური მხარის აღიარების ორგანოში, რომელშიც პროფესიული განათლების მიღებას გეგმავ. შესაბამის ორგანოების ნახვა შეგიძლია აქ: https://anabin.kmk.org/anabin.html.
ვებგვერდზე https://www.ausbildung.de
იპოვი საწარმოს, რომელიც პროფესიულ განათლებას შემოგთავაზებს. თუ საწარმოსგან დადებით პასუხს მიიღებ, უნდა მიმართო დასაქმების ფედერალურ სააგენტოს, რომელიც შეამოწმებს, ხომ არ არიან ამ ადგილზე მსურველები გერმანიიდან ან ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. ამას პრიორიტეტის შემოწმება ეწოდება, რომელიც მხოლოდ პროფესიული განათლების შემთხვევაშია აუცილებელი. სასწავლო დაწესებულებაში ამგვარი შემოწმება საჭირო არ არის.
ვიზის მისაღებად საჭიროა აგრეთვე გერმანიაში სასწავლებლად ყოფნის პერიოდისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების მტკიცებულების წარმოდგენა. თვეში მინიმუმ 836 ევრო გესაჭიროება (2022 წლის მდგომარეობით).
თუ პროფესიულ განათლებას გერმანიის რომელიმე საწარმოში იღებ, როგორც წესი, ამისთვის გეძლევა ანაზღაურება და ავტომატურად - სამედიცინო დაზღვევაც, რომელიც ვიზის მისაღებად გესაჭიროება. ზოგიერთ ფედერალურ მხარეში მუშახელის მოსაზიდად დამატებითი პროგრამებიც არსებობს, რომლებიც ხშირად სავაჭრო-სამრეწველო პალატაზეა მიმაგრებული: Handwerkskammer (HWK) და Industrie- und Handelskammer (IHK). მაგალითად, ყაზახეთში მოქმედებს პროექტი CRAFT მათთვის, ვინც სწავლობს ან დასაქმებულია თიურინგიის სახელოსნო დარგში.
https://www.hwk-erfurt.de/artikel/craft-4,0,1942.html
სასარგებლო ბმულები:
https://www.ausbildung.de
https://www.make-it-in-germany.com/de/studium-ausbildung
https://www.azubiyo.de/azubi-wissen/ausbildung-fuer-auslaender