Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

გარემოსდაცვითი საზაფხულო ბანაკი 2023

8-15 ივლისს გაიმართა ტრადიციული გარემოსდაცვითი საზაფხულო ბანაკი პანტიანში, სადაც სკოლის 25 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას საქართველოდან და სომხეთიდან. მოწვეული იყვნენ პროფ. ვილი ლინდერი და აგრარული პედაგოგიკის უნივერსიტეტის სტუდენტები. წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა ბანაკს არ ესწრებოდნენ გამყოლი პედაგოგები და გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებლები.
თუმცა, დილის გაკვეთილს kulturweit მოხალისეები ატარებდნენ.

თამარ გვენცაძე (ქუთაისის N1 საჯარო სკოლა) გვიყვება:

პანტიანის ბანაკში საინტერესო და სახალისო კვირა გავატარე. მთელი დროის განმავლობაში ვიყავი აქტიური და მუდამ რაღაცის კეთება მიწევდა, მოწყენის საშუალება არ მქონდა. გვქონდა საინტერესო აქტივობები და პროექტები აქტუალურ თემებზე, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით დიდი მნიშვნელობისაა. საშუალება გვქონდა, უკეთ გავცნობოდით გლობალურ პრობლემებს, გვესაუბრა გერმანულ ენაზე და ცოდნაც გაგვეუმჯობესებინა. გაკვეთილებთან ერთად ძალიან ვისიამოვნე ჩოგბურთის თამაშით. მეგობრებთან ერთად გარკვეული დრო ტყეშიც გავატარეთ. ვიყავით ლაშქრობაზეც. უკანა გზაზე ძირს დაყრილი ნაგავი შევაგროვეთ და ვფიქრობ, ამით კარგი საქმე გავაკეთეთ. ჩემთვის პერსონალურად სევდის მომგვრელია, როცა ბუნებას დანაგვიანებულს ვხედავ. ამიტომაც გვინდოდა გარემოს ოდნავ მაინც დავხმარებოდით. ბანაკის ჩემპიონატიც საკმაოდ კარგი იყო და ძალიან გამიხარდა, როცა ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა. ბანაკის ბოლო საღამოს დიდი სიამოვნება მივიღეთ, ჩავატარეთ აქტივობები, სადაც გუნდებს უნდა მიგვეღო მონაწილეობა. საბოლოოდ, შემიძლია გულახდილად ვთქვა, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და მართლაც ძალიან კარგი დრო გავატარე ბანაკში.