გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა 2022
25 ივლისიდან 5 აგვისტომდე ჰამბურგში
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა (IDO) მსოფლიოში გერმანული ენის ყველაზე დიდი კონკურსია. ის 2022 წელს, 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე, ჰამბურგში გაიმართება, დევიზით "იყავი მონაწილე! ერთად ჰამბურგში". ფინალში ერთმანეთს შეხვდება დაახლოებით 140 სკოლის მოსწავლე მსოფლიოს 70 ქვეყნიდან.
დაახლოებით 13 მილიონამდე სკოლის მოსწავლეს მსოფლიოს მასშტაბით აქვს შესაძლებლობა, გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძოლოს. 14-დან 17 წლამდე ასაკის დაახლოებით 140 მოსწავლე 70-მდე მონაწილე ქვეყნიდან 2022 წლის ზაფხულში ჰამბურგში ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ფინალისტების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს მონაწილე ქვეყნებში. ოლიმპიადის ფინალში მოწვეულნი არიან ასევე თანმხლები მასწავლებლები, რომლებსაც ჰამბურგში შეეძლებათ მეთოდურ-დიდაქტიკურ საკითხებში კვალიფიკაციის ამაღლება.
ფინალისტები წარმოადგენენ თავიანთ მშობლიურ ქვეყანას. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან პირველი სამი ადგილისთვის სამ კატეგორიაში. ფინალში ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ენობრივ ცოდნაზე, არამედ ინტერკულტურულ კომპეტენციებსა და ჯგუფში მუშაობის უნარზე. საერთაშორისო ჟიური შეაფასებს მათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურ მუშაობაზე დაყრდნობით.
ფინალში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ახალგაზრდებს, ორგანიზაციებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. IDO-ს ორგანიზებას უწევს გოეთეს ინსტიტუტი გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციასთან პარტნიორობით.